„გამოსავალია, მთავრობა ჩაერიოს და გადაუხადოს ხალხს ხელფასი“ – დამოუკიდებელი პროფკავშირი “ფრონტერას“ სახელფასო დავალიანების საკითხზე

დამოუკიდებელი პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ხელისუფლებას სთხოვს, – ამის შესახებ „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ და „ერთობა 2013 -ის“ დამფუძნებელმა ზაზა ბარბაქაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„გამოსავალი არის მხოლოდ ის, რომ მთავრობა ჩაერიოს და გადაუხადოს ამ ხალხს ხელფასი, როგორც მოხდა ტყიბულში, რადგან კომპანიას სავარაუდოდ, არ გააჩნია რესურსი. როგორც ჩანს, მთავრობას დიდად არ აწუხებდა ეს თემა, ვიდრე ჩვენთან არ დაიწყეს დედოფლისწყაროს მუშებმა თანამშრომლობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ წავიდეს ეს კომპანია და მოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც დაიცავს თანამშრომლების უფლებებს.

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ დაახლოებით 30 წელიწადზე მეტია, რაც საქმიანობს დედოფლისწყაროში. 2015წელს გამოაცხადეს, რომ გაზის ძალიან დიდი მარაგი იპოვეს დედოფლისწყაროში და აპირებდნენ დიდი ინვეტიციის ჩადებას. როგორც ჩანს, ეს განცხადება გააკეთეს იმიტომ, რომ ლონდონის ბირჟაზე თავიანთი აქციების ფასი ხელოვნურად გაეზარდათ. ამკომპანიამ 30 წელიწადი რელაურად ვერაფერი გვანახა.
„ფრონტრას“ აქვს ძალინ ძლიერი კავშირები აშშ-ში პოლიტიკოსებთან . კონგრესმენებმა, რომლებმაც „ფრონტერას“ თემა ახსენეს, ყველას ფული ჰქონდა აღებული. ეს არის პოლიტიკოსების დაქირავება“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ზაზა ბარბაქაძის თქმით, კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს აიძულებენ, არ ითანამშრომლონ დამოუკიდებელ პროფკავშირებთან.
„ეს ადამიანები დაუკავშირდნენ „სოლიდარობის ქსელს“ და სთხოვეს დახმარება. პროფკავშირმა დააკვალიანა თანამშრომლები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ეს როგორც კი გაიგო დედოფლისწყაროს გამგებელმა, მუშები დააკავშირა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს და შეხვედრა მოაწყო ირაკლი პეტრიაშვილთან. როდესაც სახელმწიფო ერევა შრომითი დავების მიმართულებით პრობლემის მოგვარებაში და ჩაჰყავს პროფკავშირი, ეს უკვე ნიშნავს, რომ არჩევანს არ უტოვებს ამ ადამიანებს, თავად აირჩიონ, რომელ პროფკავშირთან მივიდნენ და ითანამშრომლონ“, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.
ამ ბრალდებას „კვირას“ პრესკლუბში ირაკლი პეტრიაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, „ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა პროფკავშირების გაერთიანებას დახმარებისთვის თავად მიმართეს.
„ჩვენთან არის „ფრონტერას“ ყოფილი 84 თანამშრომელი და პლუს 15-მა ადამიანმა მოგვმართა, ვიცით, რომ გაგვათავისუფლებენო. ჩვენ დაახლოებით 2-3 კვირაა ჩავერთეთ ამ პროცესში, როცა მოგვმართეს ამ ადამიანებმა, თორემ მათი პრობლემები არ დაგვსიზმრებია. თუ ისინი თავიდანვე იყვნენ ჩართულები , უზრუნველეყოთ მათი ჩამოყვანა, წაყვანა, სამართლებრივი მომსახურებაც. ლოგიკა სადაა? ადამიანებმა მოგვმართეს და ჩვენ მომსახურებას ვუწევთ“- განაცხადა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი 84 თანამშრომელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ხვალ, თბილისში „ფრონტერას” სათაო ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
„ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა. ამ წერილში ის „ფრონტერას“ ახსენებს.
„მიუხედავად საქართველოს პროგრესისა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებმა გამოავლინა განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიულ და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ში.

ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან”, – ნათქვამია წერილში.
ცნობილი გახდა, რომ მალინი “ფრონტერას” ოფიციალური ლობისტია. პეტრიაშვილი მას მახინჯი აზროვნების მქონე კონგრესმენს უწოდებს.

„ის არც 11 თვის დავალიანებაზე, არც თანამშრომელთა უფლებების შელახვაზე კითხვებს არ სვამს, მაგრამ იქ რომ 5 700 დოლარი აიღოს ყოველთვიურად და ულობიროს კომპანიას, რომელიც ამ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, ამასთან დაკავშირებით უკადრებელს კადრულობს. მაგას ამერიკაში გავცემთ პასუხს“, – გაანცხადა პეტრიაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები