მამუკა მდინარაძე: არ ვიცოდი გიგი უგულავა დღეს გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ შევეცდებოდი სხდომა გადამეწია

არ ვიცოდი გიგი უგულავა დღეს გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ შევეცდებოდი სხდომა 11 ან 11:30 საათამდე გადამეწია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმის, პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

“საქმე ეხება კომიტეტების მეტ ჩართულობას იმაში, რომ უმრავლესობას ხშირად მოახსენონ და საქმის კურსში ჩააყენონ განსახორციელებელი პროექტების, მიმდინარე პროექტების შესახებ. საუბარი იყო ასევე, საგაზაფხულო სესიაზე მაქსიმალურად უნდა მოვასწროთ პრიორიტეტული პროექტების მიღება იმიტომ, რომ საარჩევნო რეჟიმმა შეიძლება მერე ამას ხელი შეუშალოს. მაჟორიტარებს მიეცათ დავალება, რომ მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიში უმრავლესობის წინაშე წარმოადგინონ, რათა მათი განხორციელება მაქსიმალურად დაჩქარდეს.

რაც შეეხება სხდომის კავშირს პერფომანსებთან, რომელსაც უგულავა და მისი გუნდი გარეთ დგამს, ნამდვილად არ ვიცოდი, თუ გიგი უგულავა გვიან გაიღვიძებდა დღეს, თორემ შევეცდებოდი სხდომა გადამეწია 11 ან 11:30 საათამდე”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა: “გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებენ ამ დეპუტატებს, იმისათვის, რომ არ გაიარონ „სირცხვილის კორიდორში“. კი, ბატონო, 14:00 საათზე დაინიშნება სხდომა? შეგიძლიათ 09:00 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხმა თქვენს ყურამდე მაინც მოაღწევს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები