ზურაბ ჯაფარიძე: კარგია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დახვეწილ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ და პირდაპირი ტექსტებით გველაპარაკებიან
კარგია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დახვეწილ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ და პირდაპირი ტექსტებით გველაპარაკებიან, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამერიკელი სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის გზავნილებს.
ჯაფარიძის თქმით, ობიექტურ შეფასებებს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
“ჩემი აზრით კარგია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დახვეწილ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებ და პირდაპირი ტექსტებით გველაპარაკებიან. ვთვლი, რომ ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არცერთ პოლიტიკოსს, არცერთ პოლიტიკურ ინსტიტუტს და ზოგადად არცერთ ინსტიტუტს მოსახლეობის ნდობა აღარ აქვს საკმარისი. ამიტომ თუ ვინმე დარჩა ავტორიტეტული, ესენი ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან, რომლებსაც ხალხი უსმენს და ითვალისწინებს. ასეთ ობიექტურ შეფასებებს მნიშვნელობა აქვს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი გადატყდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ოფიციალურ განცხადებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებ-გვერდზე ავრცელებენ. სენატორები საქართველოს მთავრობას, მოუწოდებენ შეასრულოს ვალდებულებები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები.