მამუკა მდინარაძე: გაჭირვება ტრაგედიასთან არაფერ შუაშია, ეს ცალკე მანიპულაციაა
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბაღდათში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრაგედია გაჭირვებასთან არაფერ შუაშია.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებენ განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს.
„სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებენ განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რა გვერდით დგომას გამოხატავდნენ ხოლმე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. თუმცა, ეს ტრაგედია ამასთან არაფერ შუაში არ არის. ცალკე მანიპულაციაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვყალიბდებით პოლიტიკოსები, ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ეს ადამიანები და არა სხვა თემებზე გადავიდეთ, რომლის მანიპულაციურად დაკავშირება ხდება ამ ტრაგედიასთან და შემდეგ ხდება ამით თემების გადაფარვა. ამ ადამიანებს დაემართათ საშინელება. ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ამ ტრაგედიასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.