შოთაძე ოთარ კახიძეს: თქვით, რომ რაღაც წყაროდან გაქვთ ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილია თურმე ჩემი ბედი, მეც მაცნობოთ იქნებ ეს წყარო

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი როლი ობიექტურობის კრიტერიუმებში არ ჯდება.

კახიძემ შოთაძისგან მოითხოვა პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა ამ საქმეში ჩართული ირაკლი შოთაძე და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმ შედეგზე, რაც პროკურატურამ დადო, რომ ფიგურანტს ხელი დააფარეს და მას „გამშველებლის“ სტატუსი მიანიჭეს?

“თქვენი წასვლის შემდეგ გამშველებელი მკვლელობაში ბრალდებული გახდა და ახლა თქვენ გაქვთ პრეტენზია, რომ გენერალურ პროკურორად დაბრუნდეთ. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება. ან მაშინ ცდებოდა პროკურატურა, ან დღეს ცდება. ორივე მართალი ვერ იქნება თან გამშველებელი და თან მკვლელობაში ბრალდებული ორივე ერთად ხომ ვერ გამოვა?“ – იკითხა კახიძემ.

“ვერ დაგეთანხმებით, თქვენი მსჯელობა ყველანაირ ლოგიკას და ობიექტურობას არის მოკლებული“, – განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ საქმეზე ბრალდებული პირები თითქმის პროცესის დასასრულამდე დუმილის უფლებას იყენებდნენ და გამოძიებას ინფორმაცია მხოლოდ პროცესის დასასრულს მიაწოდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ შოთაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან საქმეზე ბრალდებულ პირებს ჩვენებები მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით არ მიუციათ.

„ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. დასაწყისში, როდესაც შემობრძანდით, თქვით, რომ რაღაც წყაროდან გაქვთ ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილია თურმე ჩემი ბედი, მეც მაცნობოთ იქნებ ეს წყარო, საიდან ფლობთ. თქვენ ამ შემთხვევაშიც სუბიექტური მიდგომა გაქვთ რომელიც გამომდინარეობს თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ცდილობთ ამ პროცესის დისკრედიტაციას. ეს არის თქვენი მიზანი, რასაც არც მალავთ და პირდაპირ აფიქსირებთ ამას. შესაბამისად, რომელ ობიექტურობაზე მესაუბრებით ჩემთვის სრულიად გაუგებარია; არ ჯდება თქვენი როლი ობიექტურობის კრიტერიუმში“, – მიმართა შოთაძემ ოთარ კახიძეს.

რაზეც კახეძემ უპასუხა: “კონკრეტულ საქმეზე გესაუბრებით. ვსაუბრობ იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას. ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, რომ ბრალდებულებმა თითქოს ბოლოს მისცეს ჩვენება კალანდიაზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა კახიძემ.

შოთაძემ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ოთარ კახიძის შეფასებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები