ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი არც პრორუსული და არც ანტირუსულია, ის ევროპული ქვეყანაა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, განცხადებით, საფრანგეთი არც პრორუსული და არც ანტირუსული, ის ევროპული ქვეყანაა.

ამის შესახებ მაკრონმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვთან „მოთხოვნითი დიალოგის“ წარმართვაა საჭირო.

„საფრანგეთი პრორუსული არ გამხდარა, როგორც ზოგჯერ მესმის, საფრანგეთი არც პრორუსული, არც ანტირუსული, ის ევროპული ქვეყანაა. როდესაც რუკას ვუყურებ, ცხადად ჩანს, რომ რუსეთი – ევროპაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრი არ არის, ის ჩვენს მეზობლად მდებარეობს“,-განაცხადა მაკრონმა, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპის ქვეყნების ინტერესში არ არის გაყინული კონფლიქტების დაგროვება.

„ევროპის და ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები – საფრანგეთისთვისაც აბსოლუტური პრიორიტეტია“,-აღნიშნა მან.

მაკრონის თქმით, ევროპის უსაფრთხოების ინტერესისთვის „საფრანგეთმა და პოლონეთმა, რუსეთთან მოთხოვნითი პოლიტიკური დიალოგი უნდა წარმართონ“.

„ეს დიალოგი, თუნდაც ის რთული იყოს, – აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ უკრაინაში შექმნილ ვითარებაში პროგრესი დავინახოთ“, – განმარტა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა 2019 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ნატოსთვის საკვანძო საფრთხე ტერორიზმი და არა რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები