თამარ ჩუგოშვილი: არ ვაპირებ პიკეტირებაში და ბლოკირებაში მონაწილეობას, პოზიციას პარლამენტის სხდომებიდან დავაფიქსირებ

არ ვაპირებ პიკეტირებაში და ბლოკირებაში მონაწილეობას. ვმონაწილეობ პარლამენტის სხდომებში და იქიდან ვაპირებ ჩემი პოზიციის გაჟღერებას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა კანონით დასაშვებია.

„საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას აზრი აქვს და ეს არის პარლამენტის წევრების ვალდებულებაც. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაწუხებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესები, პარლამენტის სხდომებში ვმონაწილეობ. რაც შეეხება პროტესტის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმას, ეს კანონით დასაშვებია.

ყველამ ვიცით, რომ ეს საარჩევნო წელი ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის და მათ შორის, ქუჩის აქციების ფონზე. რაც შეეხება საჯარო ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, ეს არის კანონით აკრძალული ქმედება. დანარჩენი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პროტესტის გამოხატვასთან, არის სრულიად კანონიერი და ლეგიტიმური. არ ვაპირებ პიკეტირებაში და ბლოკირებაში მონაწილეობას. ვმონაწილეობ პარლამენტის სხდომებში და იქიდან ვაპირებ ჩემი პოზიციის გაჟღერებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები