საქართველოს ელჩის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დააჯილდოვეს
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის დაჯილდოება გაიმართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიაზე თამარ ბერუჩაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილა ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ საპარლამენტო დიპლომატიაზე და ამ კუთხით ჯონათან ჯანოგლის განსაკუთრებულ წვლილზე. ელჩმა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობასა და საქართველოსადმი განსაკუთრებულ მხარდაჭერას მაღალი შეფასება მისცა. თამარ ბერუჩაშვილმა ჯონათან ჯანოგლის გადასცა სიგელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ხელმოწერით.
თავის მხრივ, ბრიტანელმა პარლამენტარმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს დაჯილდოებისთვის და მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, რომ საქართველო მუდამ იყოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დღის წესრიგში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯონათან ჯანოგლის ოჯახის წევრები, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საელჩოსა და ლონდონში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.