კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში
დარწმუნებული ვარ, ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პროპორციული არჩევნების თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაკანონიერი არაფერი იყო და დეპუტატებმა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პარლამენტში, მიიღეს გადაწყვეტილება და წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ეს არ შეიძლება ოპოზიციის მხრიდან არაკანონიერი ქმედებების საფუძველი გახდეს.
„არ ვთვლი, რომ იმაზე მეტად უნდა გავაბუქოთ ეს თემა, ვიდრე რეალობაა. ეს არის საქართველოს პარლამენტი და როგორც ყველა პარლამენტში, კონკრეტული კანონპროექტი გამოდის და იქ უკვე დეპუტატები იღებენ გადაწყვეტილებას, დაუჭირონ თუ არ დაუჭირონ მხარი. არანაირ არაკანონიერ ქმედებას აქ ადგილი არ აქვს.
ჩვენ გავეცით პირობა, პირობა ვერ შესრულდა, კანონპროექტი ჩავარდა და ეს მოცემულობა აძლევს ვინმეს საფუძველს, რომ არალეგიტიმური გზით მოითხოვოს შეცვლა მთავრობის? ეს არ არის საფუძველი და ვერასოდეს ვერ გაამართლებს ამას ვერც ერთი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი. ფაქტია, რომ უკანონობა არ განხორციელებულა და თუ რამე მსგავსი მოხდა, ეს არის ის რისკი, რომელსაც იღებს თავის თავზე მმართველი პარტია და არჩევნებზე მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად გახდება თუ არა ეს მიზეზი იმისა, ჩვენ მხარი დაგვიჭიროს თუ არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საუბარია არა კანონპროექტის ჩავარდნაზე, არამედ ვადის ცვლილებაზე.
„ის, რომ საუბარია ვადის ცვლილებაზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ევროპარლამენტშიც ცალკე გვიხსენეს ეს. არ ჩაგვიგდია, ესეც კი დეზინფორმაციაა, რომელიც მათთან არის მიწოდებული. ბევრმა პირველად გაიგო, რომ ვადის გადმოტანაზე იყო საუბარი და ის, რომ „ქართული ოცნება” არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა და კონსტიტუციაში ასახა პროპორციულზე გადასვლა 2024 წლისთვის”, – განაცხადა კახა კუჭავამ.