გიორგი ჯანჯღავა: ვუჰანიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს გამოკვლევები ჩაუტარდათ – საბოლოო პასუხი დღეს ან ხვალ გვეცოდინება
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, აქვთ თუ არა ვუჰანიდან თურქეთში ევაკუირებულ ადამიანებს, მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეს კორონავირუსი ამის შესახებ ცნობილი დღეს ან ხვალ გახდება.
მისივე თქმით, უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც, ისინი კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში გაჩერდებიან.
“ვუჰანიდან ჩამოსულ 42 მოქალაქეს ანკარის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მთლიანი კორპუსი დაუთმეს, მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა. ჩვენი კონსული და საელჩოს რეფერანტი ადგილზე იმყოფებოდნენ და ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან გასაუბრების შესაძლებლობა. მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები და სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გვეცოდინება საბოლოო პასუხი, თუმცა უარყოფითი პასუხის მიუხედავად ისინი კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში გაჩერდებიან”, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები თურქული თვითმფრინავით ანკარაში გუშინ საღამოს ჩაფრინდნენ, სადაც ისინი ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.