შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შუახევში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ფრიდონ ფუტკარაძემ აქცენტი მოსახლეობისთვის მიცემული პირობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გააკეთა და ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც 2019 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

მერმა 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი პროექტებიც დააანონსა. ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ტურიზმისა და საგაზო დეპარტამენტებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზეც და სხდომის მონაწილეებს ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

შუახევის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის წელსაც კვლავ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი,ახალგაზრდული ღონისძიებები, ტურიზმის განვითარება.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, მერის 2019 წლის მუშაობის ანგარიში დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

დღესვე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მეოთხე კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები