საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდება

განათლების საერთაშორისო ცენტრი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვს სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს. ეს პროგრამებია:
– საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
– საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
– საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
– საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
– სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
– აკადემიური პროგრამები იტალიაში
3 თებერვალს, 11:00 საათზე, ღონისძიებაზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე, საზოგადოებას პროგრამებით გათვალისწინებული გეგმების, ვადებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. პრეზენტაცია განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგება (მის. ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული).
განათლების საერთაშორისო ცენტრის ცნობით, პროგრამები როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.
“სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.
ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე 3 თებერვალს დაიწყება – www.iec.gov.ge.
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 850-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს”,-ნათქვამია განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები