ლევან დავითაშვილი: ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა, სხვა სასურსათო პროდუქტი რისკჯგუფს არ წარმოადგენს
ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის არ წარმოადგენს რისკჯგუფს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საერთაშორისო ტენდენციებისა და რისკების შეფასებაზე.
„საქართველო არის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ჩვენი სამინისტრო თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საერთაშორისო ტენდენციებისა და რისკების შეფასებაზე. ჩვენ რა თქმა უნდა, გვყავს ასევე საქართველოში სამედიცინო კვლევის ცენტრის რისკების შეფასების ჯგუფიც. შესაბამისად, იმ რეკომენდაციას სრულად ვითვალისწინებთ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსცემენ. ამ ეტაპზე ჩინეთიდან შეზღუდული გვაქვს ცოცხალი ცხოველის შემოტანა. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის არ წარმოადგენს რისკ ჯგუფს,“ – განაცხადა დავითაშვილმა.