თელავში მასწავლებელმა მეექვსე კლასის მოსწავლე სცემა

თელავის პირველი საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს, ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტს “რეგიონულ კვირასთან” სკოლის დირექტორი, მაია ოთარაშვილიც ადასტურებს და განმარტავს, რომ მომხდარს თავად შეესწრო.

“შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე მოხდა. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი, რის შემდეგაც დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს”, – განმარტა მაია ოთარაშვილმა.
დირექტორის თქმითვე, მეექვსეკლასელი ბიჭი, მოწესრისრეგებული და დისციპლინირებული მოსწავლეა.
“რეგიონული კვირა” ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის დედას დაუკავშირდა. როგორც ნუნუ სუმბაძემ აღნიშნა, ბავშვს სკამზე დაჯდომა არ უნდოდა, რის გამოც პედაგოგმა მას სცემა.
“საქმეზე მუშაობენ შესაბამისი ორგანოები. როგორც ბავშვმა მითხრა, მას იმ წუთს სკამზე დაჯდომა არ უნდოდა, რის შემდეგაც მასზე იძალადეს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ბავშვი მომხდარის გამო არ დაკომპლექსდეს”, – ამბობს ნუნუ სუმბაძე.
სავარაუდო მოძალადე პედაგოგი მომხდარზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
სკოლის დისციპლინური კომიტეტი კი მომხდარს უკვე სწავლობს, რის შემდეგაც იმსჯელებენ პედაგოგის მიმართ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული რა სასჯელი დაეკისრება.

მომხდარ ფაქტზე კომენატარი გააკეთა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც. ლევან მრელაშვილის თქმით, სკოლის დისციპლინური კომიტეტი საქმეზე მუშაობს და დასკვნა უახლოეს დღეებში დაიდება. მრელაშვილი შესაძლო მოძალადე მასწავლებელს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ მომხდარზე ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. მისივე ინფორმაციით, რაც სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს, ეს იყო ხელის მოკიდებით მასწავლებლის მიერ მოსწავლის კლასის დატოვების ფაქტი.
“დასაკარგი მასწავლებლები არ გვყავს, მაგრამ ფაქტი ფაქტია. თუ დადასტურდა ძალადობა, ჯერ საქმე მოკვლევაშია, მოხდება შესაბამისი რეაგირება. არ ყოფილა აქ ცემის ფაქტი, როგორც ინფორმაცია ვრცელდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მასწავლებელმა ხელი შეიძლება მეტად უხეშად მოკიდა ბავშვს და საკლასო ოთახი დაატოვებინა”, – აღნიშნა მრელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები