ანრი ოხანაშვილი: ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, ჩვენ მივიღოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, არავის მიეცემა უფლება, კანონი დაარღვიოს, ან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.
„განცხადებას და ჩემს პოზიციას რაც შეეხება, ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი კონკრეტული პირი. ეს გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი გუნდის და ხელისუფლების ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, ჩვენ მივიღოთ, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სხვა ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რაიმე ფორმით დააზიანებს, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები ევროსაბჭოსთან მიმართებით, ამ დელეგაციებთან მიმართებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. არავის მიეცემა უფლება, ან კანონი დაარღვიოს, ან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.