არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ სტრასბურგის საქმეზე ვალდებულებები აქვს დაკისრებული და უნდა შეასრულოს

„სინამდვილეში ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ის განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა და შესაბამისად, აიღო ვალდებულებები ექვსთვიან პერიოდში ყველა ღონისძიებაზე, რომელზეც ტრადიციულად და ყოველთვის აქვს ევროპის საბჭოს ფორმატში, როდესაც ქვეყანა ხდება თავმჯდომარე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის პოზიციის განმარტებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი ინტერპრეტირებაა, რომ რუსეთის დელეგაცია სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით თბილისში შესაძლოა, „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის გვერდის ავლით ჩამოვიდეს.

„ეს თავისთავად გულისხმობს მინისტერიალის ჩატარებას საქართველოში. მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მე გთხოვთ, რომ ისეთ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ, რაც მას არ უთქვამს. თუ თქვენ გაქვთ პრეტენზიები და თუ გინდათ ჩემი კომენტარი იმ ადამიანზე, რომლებიც გუშინდელის შემდეგ ცდილობენ კამპანიის აგორებას, მე შემიძლია აგიხსნათ, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს და რას გააკეთებნ ეს ადამიანები გაზაფხულზე, მაგასაც გეტყვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს, არცერთ ფორმატში არ გაექცევა რუსეთისთვის იმის შეხსენებას, იმ პოზიციების დაფიქსირებას, რომ რუსეთი ოკუპაციას ახორციელებს, საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს, თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს.
„ნებისმიერ ფორმატში საქართველო რუსეთის ფედერაციას შეახსენებს ამ დარღვევებს, მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმა გუშინ რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ მას სტრასბურგის საქმეზე ვალდებულები აქვს დაკისრებული და უნდა შეასრულოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები