მთავრობამ კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განკარგულება გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, საქართველოში ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება (N164) და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს და ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე.
გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.