სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს წევრებს მოუწოდა, ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან გადაიხადოს დაკისრებული კომპენსაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა ევროსაბჭოს წევრებს, ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და გადაიხადოს დაკისრებული კომპენსაცია.

ზურაბიშვილის თქმით, ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.

„2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია – ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო, მაგრამ დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2019 წლის 31 იანვარს დაეკისრა რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია თავისი ვალდებულება. ამიტომ მინდა, გავიმეორო ჩვენი ხელისუფლების მოწოდება ევროპის საბჭოსა და მისი წევრების მიმართ, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის იძულებაში, რათა მან დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. ორმაგი სტანდარტი არა მარტო მიუღებელია, არამედ აზიანებს ორგანიზაციას და მის პრინციპებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი – ამ საქმის საბოლოო მოსმენა 2018 წლის მაისში ჩატარდა. ჩვენ კვლავ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსაკუთრებით ომის მსხვერპლები განიცდიან. მთელი ქართველი საზოგადოება ელოდება სამართლიანობის მიღწევას. ეს მაგალითი იქნება სხვებისთვისაც. სტანდარტები ყველასთვის ერთნაირია. სამართალი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწევათა პრაქტიკაში განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგისთვის ზედმიწევნით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებული როლი აქ სახალხო დამცველს ენიჭება. ომბუდსმენი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პარლამენტს წარუდგენს თავის ყოველწლიურ ანგარიშში. მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული რეკომენდაციების რაოდენობა იზრდება, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუცით, მონიტორინგის კუთხით პარლამენტს ზედამხედველობის გაფართოებული ფუნქცია მიენიჭა.

„ახალი რეგლამენტით შემოღებულ იქნა მონიტორინგის განხორციელებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების გავრცელების ახალი მექანიზმები: მინისტრის საათი, თემატური კვლევა და ინტერპელაცია. ასევე, გაზრდილია ოპოზიციის როლი საზედამხედველო ფუნქციებში. 2019 წლის განმავლობაში პარლამენტმა ჩაატარა 13 მინისტრის საათი, შედგა სამი თემატური ჯგუფი და ოთხი ინტერპელაცია“ ,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტატისტიკა ადასტურებს.

„ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და არ დგება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სარჩელების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მაჩვენებლის ზრდა დასტურდება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აგრეთვე, სახელმწიფო წარმატებით ასრულებს დანაპირებს, ეროვნულ დონეზე მოაგვაროს სარჩელები. დღევანდელი მონაცემებით უკვე 128 საქმე მორიგებით ან მთავრობის გადაწყვეტილებით მოგვარდა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დავების ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების შესამუშავებლად/დასახვეწად. მედიაცია და არბიტრაჟი ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმას და დაგროვილი სარჩელების შემცირებას“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები