“მჯერა, რომ რუსეთთან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ეფუძნება”
“მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა.
“ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” გახლავთ ჩვენი მიზნის დემონსტრირება – გავაუმჯობესოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას გაყოფილ საზოგადოებებს შორის, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ჩვენს ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია. პირიქით, ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმებით ტექნიკური საკითხების მოგვარება იშვიათად მიიღწევა. როგორც კი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რუსული მხარე ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას. დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი ფორმატი ვერ არის დამაიმედებელი. ორივე დიალოგი უნდა გამოცოცხლდეს, აიწიოს პოლიტიკური დონე, რათა ისინი კონფლიქტის მართვის კი არა, მისი მოგვარების მექანიზმად ჩამოყალიბდეს.
მჯერა, რომ ჩვენი ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას. გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება!
ჩვენ გვჭირდება ყველას ჩართულობა და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კონფლიქტის მოგვარების გზა ვიპოვოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და უზრუნველვყოთ თავისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.
მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით – დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად – ადამიანების გაერთიანებისკენ.
საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.