პაატა იმნაძე: გურჯაანში ქალს კორონა ვირუსი არ აქვს, ეს საეჭვოც კი არ არის
“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ვირუსის ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა კორონა ვირუსი არ აქვს. როგორც მან “კვირასთან” საუბრისას განმარტა, ქალბატონი ვირუსის დაფიქსირების ადგილიდან, საკმაოდ შორს იმყოფებოდა, რაც საეჭვო გარემოებასაც კი არ ქმნის, რომ მას შეიძლება კორონა ვირუსი ჰქონოდა.
“ჩინელი არ ყოფილა ეს ქალბატონი, ქართველია, საქართველოს მოქალაქეა. ის იმყოფებოდა ჩინეთში იმ ადგილას, საიდანაც დაფიქსირებული ინფექციის ლოკაცია დაშორებულია დაახლოებით როგორც აქედან სტამბულამდე. ანუ საეჭვო შემთხვევადაც არ ითვლება, ამ ავადმყოფს ან მწვავე რესპირაციული ინფექცია ან ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია აქვს. კატეგორიულად უარვყოფ, რომ ეს შესაძლოა კორონა ვირუსი ყოფილიყო, საეჭვოც კი არ არის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისათვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი მეოთხე დღეა ვირუსის სიმპტომებს ებრძვის. დაავადებათა კონტროლის კახეთის წარმომადგენლის განმარტებით, 22 წლის გოგონას უკვე ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტიკა და კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.