ირაკლი ბერაია: სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში დღეს იწყება.
სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით ძირითადი თემები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აქცენტებს გააკეთებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა.
“პრეზიდენტი საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსდგება. ის ამომწურავად ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პრიორიტეტებზე და ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეხვედრები დაგეგმილია ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტს დღეს დაასრულებს.