დიმიტრი ხუნდაძე: კონგრესმენების წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია
“ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების”, – ამის შესახებ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია.
„რაც შეეხება კონგრესმენების ერთი ჯგუფის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია, ვფიქრობ, პარტნიორულ ურთიერთობაში ეს კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არ არის. ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა, აშშ-ის, მით უმეტეს, როცა ჩამონათვალში არიან ის კონგრესმენები, რომლებიც აქტიურობდნენ ჯერ კიდევ 2017 წელს კომერციულ დავასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა „ფრონტერასა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის“. ეს დავა არის პიკზე, თუმცა განსახილველად სტოქჰოლმის საარბიტრაჟოშია გადაგზავნილი. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს. წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას, რა თქმა უნდა, უშუალო კომუნიკაციითაც შესაძლებელია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და მე მჯერა, რომ შინაარსი იგივე კონგრესმენების მიერ შეცვლილი იქნება, მაგრამ, რაც შეეხება პირად ინტერესებს, ვფიქრობ, ეს არ წაადგება პარტნიორულ ურთიერთობებს, არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენთვის უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოს, აშშ-ს შორის“, – განაცხადა ხუნდაძემ.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, აშშ-ის ოფიციალურ პოზიციაზე მეტყველებს საქართველოს ორპარტიული აქტი, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის განცხადება და ინვესტიციები აშშ-დან.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა აშშ-ის. ამას მეტყველებს საქართველოს მიმართ მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, ამას მეტყველებს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაკეთებული განცხადება, მეტყველებს ამერიკული ინვესტიციების ზრდა და წლების განმავლობაში გაზრდილი დახმარებები აშშ-ის მხრიდან, რაც ბოლო წლებში 35 მილიონით მეტია და დღეს უკვე აღწევს 135 მილიონს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს კონგრესმენებისთვის სწორი ინფორმაციების მისაწოდებლად.
„ვფიქრობ, კომუნიკაციის გააქტიურებაში ჩვენი როლი მნიშვნელოვანია და ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ პირადი ინტერესები. მახსოვს იგივე კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა საკითხზე გამოთქმული პრეტენზია, მაგრამ იმავე საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებული კომუნიკაციის შემდეგ, იგივე კონგრესმენების მხრიდან მოხდილი ბოდიშიც“, – განაცხადა დეპუტატმა.