ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილზე: აშშ-ს ბიუჯეტის შესახებ კანონში, საქართველო ვერ მოხვდებოდა თუკი ის დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში, “ჯო ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის” დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ 4 კონგრესმენის წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.
ოხანაშვილის თქმით, აშშ-ს ბიუჯეტის შესახებ კანონში, საქართველო ვერ მოხვდებოდა თუკი ის დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვევდა.
“ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. ჩვენ ასეთი თანამშრომლობა გვაქვს. ძალიან ბევრია ჩვენი მეგობარი. კონგრესის ზოგიერთი წევრი შეიძლება სხვა პოზიციებს, ვერსიებს ავრცელებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შეიძლება მოკლებული იყოს ობიექტურ მოცემულობას. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებით მუშაობა, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი, რომ აშშ-ს ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც აშშ ახორციელებს მხარდაჭერას. მათ კანონში ეს ვერ მოხვდებოდა თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მაიკლ კარპენტერმა “ტვიტერზე” განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა კონგრესმენების წერილს სერიოზულად უნდა მიუდგეს. აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.