წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ადმინისტრაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს (ვიდეო)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის არ არსებობა გააპროტესტეს. სკოლის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მასწავლებელი აკაკი ტყეშელაშვილი ამბობს, რომ შენობის ნაწილი არ თბება, ხოლო რამდენიმე საკლასო ოთახში ელექტროღუმელებია ჩართული, რაც უსაფრთხოების წესების ნორმების დარღვევაა. ტყეშელაშვილის განცხადებით, სისტემის მოსაწყობად ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და თანხები გაიფლანგა. პედაგოგი სკოლის ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
“ამ ეტაპზე სკოლაში დგას გათბობის პრობლემა. შენობის დიდი ნაწილი არ თბება. ეს განპირობებულია ორჯერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოებით. ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და ფული ტყუილად დაიხარჯა. დღეს საგანგაშო მდგომარეობაა, რამაც გამოიწვია პროტესტი. არის საკლასო ოთახები, სადაც სითბოს შესანარჩუნებლად ელექტროღუმელებია ჩართული, რაც საფრთხისშემცველია. ეს ყველაფერი უხარისხოდ გაკეთებულმა გათბობის სისტემამ გამოიწვია. ამაზე არც დირექტორი და არც რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ რეაგირებს,” – ამბობს ტყეშელაშვილი.
ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ტენდერი პირველად 2018 წელს გამოცხადდა, ხოლო განმეორებითი ტენდერი 2019 წელს და გათბობის სისტემა თებერვალში მოეწყო, თუმცა, კვლავ უხარისხოდ.
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე სკოლაში გათბობის სისტემის გაუმართაობას არ ადასტურებს. ბენიძე ამბობს, რომ გათბობის სისტემა მთელ შენობაში გამართულად მუშაობს, რასაც სკოლის მოსწავლეებიც და მშობლებიც დაადასტურებენ. სკოლის დირექტორის განცხადებით, ტენდერი სისტემის მოწყობაზე ორჯერ, თუმცა, შენობის სხვადასხვა ნაწილის გათბობით უზრუნველყოფაზე გამოცხადდა და გამარჯვებულ კომპანიას ერთი და იგივე სამუშაოები არ განუხორციელებია.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების პედაგოგ აკაკი ტყეშელაშვილს, რომელმაც დღეს სკოლაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა, დირექტორი სკოლის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
“ბატონი აკაკი სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, რომელიც პედაგოგებს აშანტაჟებდა სიცოცხლის მოსპობით. მისი ყველა ქმედება სკოლის დისკრედიტაციისაკენ იყო მიმართული. იგი გავათავისუფლე პედაგოგთა კოლექტიური მოთხოვნის საფუძველზე. როდესაც მის სასიკეთოდ არ მიმდინარეობს პროცესები, ის მაშინ ამ თემის გააქტიურებას იწყებს,”-განაცხადა გიორგი ბენიძემ.