ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში – ბათუმის მერიის პასუხი მოსახლეობას (ვიდეო)
ჩამოშლილი ჭერი, ამორტიზებული იატაკი, ჩამოცვენილი ბათქაში – ბათუმში, ბენზეს დასახლებაში 30-მდე ოჯახი წლებია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს. ადგილობრივები, რომელთა უმრავლესობაც სოციალურად დაუცველია, ამ დრომდე საკუთარი სახსრებით ცდილობენ არსებული პრობლემები მოაგვარონ. ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, მღრღნელებთან და მწერებთან გამკლავებაც უწევთ, რომლებიც ბარაკული ტიპის სახლის სადარბაზოში მრავლად არიან. მიუხედავად იმისა, რომ მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები რეგულარულად ხორციელდება, მდგომარეობა მაინც უცვლელია. გარდა ამისა, მოსახლეობის თქმით, ყოველი გაწვიმებისას ტერიტორია იტბორება, ორსართულიან კორპუსში კი უსიამოვნო სუნი დგება.
ია გოგიტიძე წლებია აღნიშნულ კორპუსში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, რაც მას ახსოვს საცხოვრებელში მდგომარეობა უცვლელია. ფიქრობს რომ ამ შენობაში ცხოვრება მისთვის და სხვა ოჯახებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
,,როგორც ხედავთ, გაუსაძლისი პირობებია, ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გვაწუხებს მღრღნელების სიმრავლეც. ორი შვილი მყავს კარს ღია ვერ ვტოვებ მეშინია რამე არ შემოვიდეს სახლში. მოსახლეობა ცდილობს სისუფთავე შეინარჩუნოს თუმცა ეს შეუძლებელია, სიძველისგან ყველაფერი ფამპალია. ჩამონგრეულია ჭერი, ამორტიზებულია იატაკი, ელექტრო მავთულებიც გახლართულია, მძიმე ტექნიკის გავლა კარგად იგრძნობა სახლში, ასეთ დროს მგონია რომ მიწისძვრაა ან მსგავსი რამ”, – ამბობს ია გოგიტიძე.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობამ დახმარების თხოვნით მერიას წერილობით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც მდგომარეობას შეისწავლიან და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. როგორც მერიაში “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განმარტეს, რამდენიმე პროგრამა არსებობს, რომლითაც მსგავსი პრობლემის მქონე მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.
,,აუცილებელია, პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობამ მერიას განცხადებით მიმართოს, რის შემდეგაც შესაბამისი კომისია მდგომარეობას შეისწავლის. ამ პროცედურის შემდეგ კი შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. მერიაში არის პროგრამები, რომლით სარგებლობაც ამ მოსახლეობისთვის არის შესაძლებელი”, – ამბობს თემურ ბაკურიძე.