ბექა ნაცვლიშვილი: კომპანია “ფრონტერას” დასაქმებულთათვის 11 თვის სახელფასო დავალიანება არ გადაუხდია, რის გამოც დედოფლისწყაროში საკმაოდ მძიმე ვითარებაა
“კომპანია „ფრონტერას” დასაქმებულთათვის 11 თვის სახელფასო დავალიანება არ გადაუხდია, რის გამოც დედოფლისწყაროში საკმაოდ მძიმე ვითარებაა,” – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.
ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, კომპანიაში დასაქმებულთა საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს, რადგან ხალხი ვერ დაელოდება, როდის დასრულდება დავა საერთაშორისო არბიტრაჟში.
„მე ვიყავი მათთან შეხვედრაზე. 84 კაცია. თითქმის ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ. ხელისუფლებასაც შევხვდი, ვიყავი ეკონომიკის სამინისტროში. თუ თვის ბოლოს სიცხადე არ იქნება ამ საქმეში და ამ ადამიანებს უფლებები არ აღდგება, სხვა ნაბიჯებს გადავდგამ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ეს ვითომ ცივილიზებული თამაშის წესები, როდის დასრულება დავა საერთაშორისო არბიტრაჟში და ა.შ. ამას მშრომელები ვერ დაელოდებიან. თერთმეტი თვის სახელფასო დავალიანება რომ გაქვს და ჩემი ინფორმაციით, ბოლო სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ, ამ ადამიანებს ელემენტარული ცხოვრება უნდათ” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კოლონიალური აზროვნებაა, როდესაც დიდი სახელმწიფო, რომელიც შენი მეგობარია, რახან მისი წარმომადგენელი რამეს ამბობს, უაპელაციოდ გაიმეორო.
„ასეთი სიხარულით რომ შეხვდები წერილს, ელემენტარული კონტექსტი მაინც რომ უნდა იცოდე. რახან ამერიკელი კონგრესმენი აკეთებს ამ განცხადებას ხომ არ შეიძლება, მართალი და ჭეშმარიტი იყოს. გაიგე რა კომპანიაა, რას საქმიანობს და რეალურად ვისი უფლებები ირღვევა. ეგ საერთოდ არ მაინტერესებს ვინმეს ლობირებს თუ არა. შენი მოქალაქეების წინააღმდეგ რომელიღაცა ამერიკელი კონგრესმენი გამოდის. რეალურად ხომ ჩემი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდის. იმ 84 ადამიანის წინააღმდეგ. ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. წიაღისეულის მოპოვებაზეა ლაპარაკი და შენ ამბობ, მართალია, ნახე რას ამბობსო. ეს არის კოლონიალური აზროვნება. დიდი სახელმწიფო, რომელიც შენი მეგობარია და შენი პროტეჟეა შეიძლება ითქვას, რახან მისი წარმომადგენელი რამეს ამბობს შენ უაპელაციოდ უნდა გაიმეორო. აი ეს არის კოლონიალური აზროვნება. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ასეთი პოლიტიკოსების ხელში ცოდოა ეს ხალხი” – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, „ფრონტერა” ცუდად იქცევა და ეს ცხადი გახდა, თორემ საქართველოში ძალიან ბევრი უცხოური კომპანია იქცევა ცუდად და მოქალაქეების შრომით უფლებებს არღვევს.
„ეს არის წიაღისეული, გვეკუთვნის ყველას ჩვენ. ანუ მთელი ქვეყნის მოსახლეობის საკუთრებაა” იქ მცირე, მაგრამ მოპოვება ხდება, უბრალოდ, გაჩერებულია. ნავთობი დაგროვილია, სამწუხაროდ იღვრება და რა მასშტაბს მიაღწევს არ ვიცი, მაგრამ ამ ადამიანებს ვინმემ პასუხი უნდა გასცეს. ჭიათურაში იმიტომ, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა იყო ცალსახად ტრაგიკული, დროებითი მმართველის სახით სახელმწიფო შევიდა. იგივე უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც, გადაუხადოს ამ ადამიანებს ხელფასები, არა მხოლოდ კომპენსაცია, ანუ სახელმწიფომ თვითონ უნდა დაიწყოს ოპერირება და შემდეგ გაარკვიოს „ფრონტერასთან” ურთიერთობები. ხალხის არის ეს ყველაფერი და არა რომელიღაც ბიზნეს დავის, რომელიც მიმდინარეობს რაღაც არბიტრაჟში. „თუ საჭიროა ნაციონალიზაციაც უნდა მოხდეს და არა მხოლოდ ნავთობმომპოვებელი სფეროსი, არამედ ბევრი სფეროების სადაც ადამიანების უფლებები დაირღვევა და შესაბამისად ასეთი რთული ვითარება გვექნება. ძალიან ბევრ რეგიონში რთული ვითარება გვაქვს, ჭიათურაში, ტყიბულში,” – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.