რატი იონათამიშვილი: მთავარი ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერაა, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან გააჩნია
ჩვენთვის მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის წერილის გაგზავნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორია.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და ეს თანამშრომლობა უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. თუნდაც რომ გავიხსენოთ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც ამერიკის ღირსეული და თანასწორი პარტნიორი. რაც შეეხება ცალკეული კონგრესმენების განცხადებებს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება, მათი პოზიციები განსხვავებული იყოს. ჩვენთვის მთავარია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება და ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გააჩნია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. წერილში კონგრესმენები დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.