წყალტუბოს რაიონის სოფელ სორმონში მოსახლეობა გაზის შეყვანას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ სორმონში მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით სოფელი შესაძლოა უგზოობის გამო დაიცალოს,ასევე არ აქვთ ბუნებრივი აირი და გასათბობად შეშის მოჭრასაც ვერ ახერხებენ, რადგან მთავრობა ამის უფლებას არ აძლევთ.

“არ გვაქვს გაზი, ტრანსპორტი გაჩერდა უგზოობის გამო, შეშის მოჭრის ნებას არ გვაძლევენ, ხალხი თანდათან წავა და დაიცლება სოფელი იმის გამო, რომ არაფერი ექნებათ. ყურადღებას არჩევნების დროს გვაქცევენ მხოლოდ. ვითხოვთ პირველ რიგში, გზას, გაზს ან ხალხს მისცენ იმის საშუალება რომ მოჭრან შეშა”, – ამბობს ადგილობრივი ირაკლი ხანთაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალტუბოს მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ პრობლემების მოგვარება უკვე დაწყებულია, ხოლო სამუშაოები გზისა და გაზის პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება.

“სოფელ სორმონში ორი წლის წინ გაკეთდა ბეტონის გზა რომელიც 700 000 ლარი დაჯდა. ასევე არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლითაც მოხდება შიდა გზების გაკეთება. რაც შეეხება ამ მონაკვეთს რაზეც საუბრობს მოსახლეობა, მიმდინარეობს გზის პროექტირება და მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს სამუშაოები. რაც შეეხება გაზს, ესეც პროექტირების ეტაპზეა და წლის ბოლოდან ან 2021 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება სამუშაოები. შეშაზე იყო პრობლემა ტყეკაფებთან დაკავშირებით და დამატებით გამოიყო ორი ტყეკაფი, რითაც შეუძლიათ ისარგებლონ, მინიმალური თანხაა გადასახდელი”, – განაცხადა ალექსანდრე დადუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები