ნათია თურნავა: საქართველოს იუსტიციის სახლებში რეგიონების მოსახლეობას ადგილზე აუხსნიან, რა შესაძლებლობები აქვს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს
„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში” შესაძლებლობების შესახებ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, შევქმნით ერთიან ე.წ. ფრონტ-ოფისს. შედეგად, მეწარმეობის ხელშეწყობის ყველა სამთავრობო პროგრამის შესაძლებლობების თაობაზე რეგიონებში ინფორმაციას მივუტანთ ადგილზე, რათა არ სჭირდებოდეს ადამიანს ჩამოვიდეს თბილისში, სათაო ოფისში, რომ გაიგოს პროგრამის თაობაზე,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ტელეკომპანია „მაესტროს” გადაცემა „მაესტრო რეგიონებში” სტუმრობისას მინისტრმა განაცხადა, რომ მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომელსაც ამავე დასახელების სააგენტო ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უპირატესად რეგიონებზე და მის განვითარებაზე იქნება მიმართული.