სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თელ-ავივში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ისრაელის ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია წარმოადგენს, პრეზიდენტს ცენტრის თავმჯდომარემ, შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ხემი პერესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველ შეხვედრაზე პერესის მშვიდობისა და ინოვაციის ცენტრის საქმიანობასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მშვიდობის მშენებლობაზე ისაუბრეს.

„ჩვენ შემოვიარეთ საგამოფენო დარბაზები, სადაც პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ენახა ისრაელის ისტორია – თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ინოვაციების ერად. ვნახეთ მომავლის გამოწვევების ნაწილი და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობები. დავათვალიერეთ საგამოფენო დარბაზი, რომელიც ასახავს ისრაელის კომპანიების საქმიანობას ჯანდაცვის, მდგრადი განვითარების, კიბერნეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიმართულებით. ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს პრეზიდენტს ისრაელის გლობალურ და ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული მიღწევები“, – განაცხადა ხემი პერესმა.

ცენტრში ისრაელის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი უახლესი პროდუქტებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ შიმონ პერესი ცხოვრების ბოლო წლებში აღნიშნულ ცენტრში მუშაობდა. საქართველოს პრეზიდენტმა მისი სამუშაო ოთახი დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები