ანდრიას, რომელიც საზოგადოებას დედის გადასარჩენად დახმარებას სთხოვდა, სოციალური სამსახური დაეხმარება

25 წლის ანდრიას, რომელიც დედის გადასარჩენად საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვდა, სოციალური სამსახური დაეხმარება.

როგორც “რეგიონულ კვირასთან“ საუბარში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ განაცხადა, ანდრია ნოვაკოვიჩს და მის დედას გაესაუბრნენ და პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველთა სიაში ჩასვეს.

“თქვენი სიუჟეტის შემდეგ შევიტყვეთ ამ ოჯახის შესახებ, მანამდე ჩვენთვის არავის მოუმართავს.  დავიწყეთ მოკვლევა, შემდეგ  მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ ერეკლე ლაცაბიძემ დაგვაკავშირა, გავისაუბრეთ  და აღმოჩნდა, რომ რეგისტრაცია ჰქონდათ რუსთავში, სწორედ ამ ფაქტმა მოგვცა საშუალება, რომ დავხმარებოდით და ისინი უკვე ისარგებლებენ მუნიციპალური პროგრამით. პირველ რიგში, ჩავსვით სოციალურად დაუცველთა სასადილოს სიაში და ისინი უკვე ღებულობენ სადილს ორ ადამიანზე. ასევე, დედას სჭირდებოდა კატარაქტის ოპერაცია, რომლის ნაწილსაც სახელმწიფო, ნაწილს კი ჩვენ დავაფინანსებთ. აღმოჩნდა, რომ ანდრია ნასამართლევია და ამის გამო ცოტა გაგვიჭირდება მისთვის სამსახურის მოძებნა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით. ფიზიკური მუშაობა მას არ ეთაკილება და მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ”,- აცხადებს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ქვირია.

შეგახსენებთ, რომ რადენიმე დღის წინ “რეგიონულმა კვირამ” გაავრცელა 25 წლის ანდრიას ისტორია, სადაც ის საზოგადოებას დედის გადარჩენაში დახმარებას სთხოვდა.   

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები