“აუცილებელია წახალისება იმისა, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით, პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს”
„აუცილებელია წახალისება იმისა, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„აუცილებელია წახალისება იმის, რასაც მინისტრის ხელმძღვანელობით თანამედროვე პენიტენციური სისტემა სთავაზობს პატიმრებს. თუნდაც იმის თქმა, რომ სისტემის მიმართ არის შენიშვნა, სწორია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ადამიანების მიმართ მესიჯები უნდა გვქონდეს გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული, კეთილგანწყობილი, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სასჯელს იხდის, ისინი სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. შედარებებს აღარ დავიწყებ, რა იყო და რა გვაქვს. გვაქვს ის, რასაც ცივილური სამყაროს პენიტენციური სისტემა ჰქვია. დიდი ხანი ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ ციხეებში შევსულვართ, გვინახავს როგორი მდგომარეობაა, კეთილგანწყობილ მოსამართლეებთანაც გვქონდა ურთიერთობა. ვიცით, რა მდგომარეობაა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, ზოგან ლიბერალიზმის ისეთი დონეა, რომელიც გაკვირვებას იწვევს, ხშირ შემთხვევაში ლეგენდად გვეჩვენება. ზოგან არის ისეთი გაურკვევლობები, რომელიც თუნდაც რაღაცა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებშიც კი არის წამოწეული. ქართული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არის გამართული მმართველობა და თუკი რაიმე არსებობს საყურადღებო, მითუმეტეს შენიშვნის გასათვალისწინებელი, მგონია, რომ ეს როგორც პენიტენციურმა სისტემამ, ასევე სახალხო დამცველის სამსახურმაც უნდა გაითვალისწინოს. ამ ორი პოზიციის შეჯერება მოგვცემს იმას, რასაც ჰქვია უკეთესი შედეგი“, – განაცხადა ვოლსკიმ.