ჩინეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო სხდომას გამართავს
ჩინეთში დაუდგენელ, მომაკვდინებელ კორონავირუსს, კიდევ ერთი ადამიანი, 89 წლის მამაკაცი, ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
ამის შესახებ ჩინეთის, ქალაქ უხანის ჯანდაცვის მუნიციპალური კომიტეტის საიტზეა ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქში სულ 198 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაავადებულთაგან 25 საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილ 89 წლის მამაკაცს, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომი – ჰაერის უკმარისობა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა.
22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუსს 2019-nCoV-თან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს. ორგანიზაცია შეიმუშავებს ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
ამჟამად ცნობილია, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსი უკვე ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა: სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში.
იაპონიაში კომპანიები ვირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.
მედიის ინფორმაციით, კომპანია SoftBank-მა თანამშრომლები სახლში მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. Nippon Steel Corporation-მა უხანის პროვინციაში მივლინებები გააუქმა, Sony-მა კი მთლიანად ჩინეთში. უხანში მდებარე Nissan-ის თანამშრომლებს, თევზის ბაზართან მიახლოება აუკრძალეს, რომელიც ვირუსის გავრცელების ცენტრი გახდა, ასევე მათ რეკომენდაცია მისცეს ცხოველებთან კონტაქტისგან თავი შეიკავონ.
დანარჩენი კომპანიები თანამშრომლებს ურჩევენ ხელების ხშირ დაბანას, პირბადეს ტარებას და ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილების არიდებას.
იაპონიაში ვირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. მთავრობამ პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში გახსნილი კრიზისულ შტაბში, ინფორმაციის შეგროვების განყოფილება აამოქმედა. დღეს კი მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართა.
თავდაპირველად, დაუდგენელი ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის მთავრობამ, 2019 წლის დეკემბერში გაავრცელა. დაავადებულებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ ზღვის პროდუქტებთან. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი იყო კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV.
კორონავირუსების ოჯახს 30-ზე მეტი ვირუსი აერთიანებს. დაავადება ვრცელდება ადამიანებზე, შინაურ ცხოველებზე, ფრინველებზე, ღორებზე, პირუტყვზე. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ, ნერვულ სისტემას, და კუჭ-ნაწლავს ტრაქტს.