მარნეულში 31 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა
მარნეულში იძულებით გადაადგილებულ 31 ოჯახს სოფლის ტიპის დასახლებაში ბინები გადაეცემათ. აღნიშნული ოჯახები მრავალი წელია მარნეულში ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქვემო ქართლის გუბერნიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, ვინსენტ დონტომ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას, ასევე შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტების გადაეცემას ითვალისწინებს.