სერგი კაპანაძე: ოპოზიცია აპირებს ხელისუფლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა განაგრძოს, სხვადასხვა აქციებისა თუ მასშტაბური გამოსვლების გზით

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ყველა შემოთავაზება, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას პროპორციულ არჩევნებთან არაფერი საერთო არ აქვს.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის მორიგი რაუნდი თვის ბოლომდე ჩატარდება და მათი ამოცანაა, პროპორციული არჩევნების რეფორმის მიღწევა.

„ჩვენ ველოდებით, რომ შეხვედრის მორიგი რაუნდი გაიმართება რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, ასეთი ინფორმაცია გვაქვს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მზად ვართ, ამ რაუნდშიც მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ამოცანა ამ მოლაპარაკებებში არის ის, რომ პროპორციულისკენ დაიძრას რეფორმა. ანუ, ყველა შემოთავაზებას, რომელსაც ხელისუფლება ვითომ აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები. თუ ივანიშვილი საბოლოოდ ამაზე უარს ამბობს, მაშინ მიიღებს შესაბამის რეაქციას, როგორც პოლიტიკური სპექტრისგან, ასევე საზოგადოებისგან არჩევნებზე. ეს არის მისი გადასაწყვეტი, მას უნდა ასეთ რისკზე წავიდეს და მერე ყველაფერი დაკარგოს, თუ კიდევ ოდნავ მაინც საღი აზრი აქვს დარჩენილი, რომ რაღაც შეთანხმებაზე მაინც წამოვიდეს. ოპოზიცია აპირებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძოს მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა ხელისუფლებისთვის სხვადასხვა აქციების, პიკეტირებების, გამოსვლების, მათ შორის, მასშტაბური გამოსვლების გზით, ეს იქნება ჩვენი გზა მანამ, სანამ არჩევნები არ იქნება დანიშნული და ჯამში ჩვენი ასეთი აქტივობა მოუმთავრებს პოლიტიკურად სიცოცხლეს ამ ხელისუფლებას. სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე იქნება აქციები რეგიონებში და თებერვლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო სესია განახლდება, განვაახლებთ პროტესტის მწვავე პოლიტიკურ სეზონს უკვე თბილისშიც,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა საარჩევნო სისტემას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები