ლორა თორნტონი: შემაშფოთებელია ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს, როგორც დემოკრატიულს

ამერიკის “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ბოლო საზოგადოებრივ კვლევაში გამოიხატა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს, როგორც დემოკრატიულს.

“დღეს წარმოვადგინეთ ბოლო საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც ნოემბრის ბოლოს- დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა. ძალიან შემაშფოთებელია ტენდენცია, რომელიც ამ კვლევაში გამოიხატა. მზარდი ტრენდი შეინიშნება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტის ნდობის კლებაში, როგორიც არის პრემიერ-მინისტრის ოფისი, პარლამენტი, ძალიან შემაშფოთებელია, ასევე ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყანას არ აფასებს, როგორც დემოკრატიულს. ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საარჩევნო წელში ეს ყურადღების მისაქცევი მონაცემია. რაც შეეხება პარლამენტს, ძალიან უარყოფითი შეფასება აქვს ამ შემთხვევაში. მოსახლეობა ფიქრობს, რომ პარლამენტი არ ითვალისწინებს მათნაირი ხალხის აზრს, არ აქვთ და მათთვის რთულია კომუნიკაცია პარლამენტის წევრებთან. მოსახლეობა ამბობს,რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარი ან პარტიის ინტერესებს ემსახურებიან. რაც შეეხება პარტიულ მხარდაჭერას, კონკრეტული პარტიების მხარდაჭერა კვლავაც დაბალ ნიშნულზეა და ჯამში დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ იცის ან არც ერთი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, კვლევა ჩაეშვა ზუსტად მაშინ, როდესაც პარლამენტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება და არ დაუჭირეს მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცოდა ამის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ახალი მომხდარი იყო ეს მოვლენა და ვინც იცოდა, მათგან 70 პროცენტი ნეგატიურად აფასებს ამას. ხოლო რაც შეეხება პოზიტივს, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად განაგრძობს საქართველოს საგარეო კურსის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები