ცაგერში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის მშენებლობაზე 400.000 ლარი დაიხარჯა და იგი ლაჯანისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 30 ბავშვზეა გათვლილი.

ბაღის საზეიმო გახსნას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის დირექტორი მარინე ბურჯალიანი “რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, მართვის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული ლაჯანის ბაღის მშენებლობის საკითხებში, ინვენტარი შეიძინეს და ახლა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება დგას დღის წესრიგში.

“ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ლაჯანაში ბავშვებს დღეიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნებათ.ბაღი შეივსო ახალი ავეჯით, სხვადასხვა საჭირო ინვენტარით. ახლა მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება, რომელსაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. მინდა, მადლობა ვუთხრა მთავრობის ყველა იმ სტრუქტურას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ კარგ საქმეში,“-განაცხადა მარინე ბურჯალიანმა.

ნინო დავითაძე, რომელსაც ლაჯანის ბაღში 2 აღსაზრდელი ჰყავს, ამბობს, რომ ის სრულიად მშვიდად იქნება, რადგან აქ უკვე ბავშვებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

“ამ ბაღში ორი შვილი მყავს, გოგონა და ვაჟი, დღეს აქ ვნახეთ არაჩვეულებრივი შენობა,კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს შვილებს ასეთ კარგ გარემოში მოუწევთ თამაში, სწავლა, კვება და ძილი,“- განაცხადა ნინო დავითაძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სკოლამდელი განათლება და თანამედროვე სტანდარტების მქონე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაა.

“აღნიშნული ბაღი მოემსახურება 30 მდე აღსაზრდელს, ეს ბავშვები ლაჯანისა და მისი მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები არიან. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია მთის რეგიონების განვითარება და სწორედ ამ მიზნით დაფინანსდა ლაჯანის ბაღის ახალი შენობის მშენებლობაც. ცაგერის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა  კვლავ გაგრძელდება ,“-აღნიშნა ცაგერის მერმა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მშობლებს, ბავშვებსა და ლაჯანის მაცხოვრებლებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს პატარებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

“დღეს გავხსენით სოფელ ლაჯანაში ახალი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც 30 ბავშვზეა გათვლილი და მასზე 400.000 ლარამდე  დაიხარჯა.ასეთი ბაღების მშენებლობები მხარეში იგეგმება 2020 წელსაც და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატარებს შეუქმნას კომფორტული გარემო,”-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები