თბილისის საკრებულომ სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული აივნებიდან, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. ღონისძიებაში საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
როგორც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო სახელმწიფო დროშის აღნიშვნის დღეს 2019 წელს შეუერთდა.
„სახელმწიფო დროშა არის თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ოჯახების ღირსების, სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის სიმბოლო. საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. თბილისის საკრებულო 2019 წელს შეუერთდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივას, რომ სხვადასხვა უწყებებიდან, ოჯახებიდან გადმოგვეფინა და აღგვემართა სახელმწიფო დროშები. წელსაც თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს წევრებმა, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოვფინეთ. ამ ტრადიციას ყოველ 14 იანვარს აუცილებლად გავაგრძელებთ,“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ კი სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს მოსახლეობას მიულოცა და აღნიშნა, რომ ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სიმბოლოა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოს ეროვნული დროშის დღე. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ეს არის ტრადიცია, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება. ხუთჯვრიანი დროშა არის სიმბოლო მშვიდობის და კეთილშობილების. ჩვენ ვამაყობთ, რომ ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სიმბოლოა,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.