ირანში, პროტესტის ნიშნად ჟურნალისტები სამსახურებს ტოვებენ – “ბოდიშს გიხდით 13-წლიანი ტყუილისთვის”
თეირანის მიერ 8 იანვარს უკრაინის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის Ჩამოგდების ფაქტს, ადგილობრივი ჟურნალისტები სამსახურებიდან წასვლით აპროტესტებენ.
Fox News-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მედიასაშუალება, სულ მცირე, ორმა ჟურნალისტმა დატოვა. მანამდე მათ სოციალურ ქსელში ბოდიშის შემცველი შეტყობინებები დატოვეს, თუმცა მოგვიანებით წაშალეს.
„გამიჭირდა იმის აღქმა, რომ ჩვენი ხალხი იყო მოკლული. მაპატიეთ, იმ 13 წლისთვის, რომლის დროს ვიტყუებოდი“,- დაწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
ანალოგიური შინაარსის განცხადება, კიდევ რამდენიმე ტელეწამყვანმა გააკეთა.
ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, რომელიც ტელევიზიაში 21 წლის განმავლობაში მუშაობდა, წასვლა გადაწყვიტა და მედიაში არასდროს დაბრუნდება.
„ტელევიზიაში არასდროს დავბრუნდები. არ შემიძლია მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში მუშაობა. მაპატიეთ“,-განაცხადა ჟურნალისტმა.
თეირანის მიერ 8 იანვარს უკრაინული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, 176 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ირანის და კანადის მოქალაქე იყო. თავდაპირველად, თეირანი ჩამოგდების ფაქტს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ავიაკატასტროფა ტექნიკური მიზეზით მოხდა, თუმცა 11 იანვარს საპირისპირო განცხადება გაკეთდა.
აღნიშნულ განცხადებას ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ძალოვანებმა შეკრებილების წინააღმდეგ რკინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თვითმხილველების თქმით, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღიც იყო გამოყენებული.