დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც, 12:00 საათზე შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოჰფენენ.