კურორტ “გოდერძიმდე” გზები ინტენსიურად იწმინდება
მაღალმთიან აჭარაში თოვლის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.
“ხულო-ადიგენის მიმართულებით, კურორტ გოდერძიმდე, საღამოს საათებშიც, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ცენტრებამდე პრაქტიკულად ყველგან გაწმენდილია გზა და სოფლების მიმართულებით მუშაობა გრძელდება. მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტ გოდერძისკენ მიმავალი ტურისტები. ასევე, ელექტრომომარაგების კუთხითაც იყო გარკვეული შეფერხება. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და ელექტრომომარაგება ძალიან მალე აღდგება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარის წმენდას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.