ირაკლი ლექვინაძე: კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა ეფექტური კანონმდებლობა და ნდობის მაღალი ხარისხია
კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა ეფექტური კანონმდებლობა და ნდობის მაღალი ხარისხია, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, . საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის მიერ 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
„დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მთავარი გამოწვევა არის ეფექტური, სრულყოფილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, რომელსაც წლების მანძილზე დაგროვებული ქეისების შედეგები განსაზღვრავს. საქართველოში კონკურენციის აღსრულების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის პროექტის მიერ 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, მომზადდა რეკომენდაციები. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული საკითხი უკვე პარლამენტშია ინიცირებული, რომელიც სამომავლოდ სააგენტოს ეფექტიან აღსრულებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. გარდა ამისა, განხილვაშია კიდევ 3 კანონპროექტი, რომლის აღსრულების ნაწილი სწორედ კონკურენციის სააგენტოს ეხება. სამი წლის განმავლობაში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისათვის, დარგობრივი მარეგულირებლებისთვის გაიმართა შეხვედრა-სემინარები და კონფერენციები. ჩატარდა ტრენინგები თანამშრომლებისათვის, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ქართულ რეალობაში ადაპტირება. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, გამოიცა გზამკვლევი დოკუმენტაცია. მადლობა პროექტის ფარგლებში მონაწილე ყველა წევრს მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის. უკვე მომზადებულია მიმდინარე წლის სამოქმედი გეგმა, სადაც ძალიან ბევრი აქტივობაა განსაზღვრული და რაც ხელშემწყობი პირობა იქნება სააგენტოს სამომავლო ეფექტური მუშაობისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენცია არის მთავარი ბაზრის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, გავაკეთებთ მაქსიმუმს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ბაზრის შეფასებას შეეხება, იქნება მაღალი პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტების საფუძველზე მიღებული”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პროექტის დახურვის ცერემონიალს 100-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორის, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი მხარდაჭერის შედეგები შეაჯამეს და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი.