ახალგაზრდა მეღვინის მიერ აღდგენილი მესხური ვაზის ისტორია (ვიდეო)
34 წლის მეღვინე გიორგი ნათენაძე უკვე წლებია, ძირძველი, მესხური ვაზის ჯიშების მოძიებით, მისი გახარებითა და ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იგი ამ დროისათვის, 11 სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც თავად გიორგი ამბობს, მისი ღვინო არაერთ გამოფენაზე, მათ შორის საზღვარგარეთაც გავიდა.
„მახსოვს პატარაობაში ბაბუა როგორ ამზადებდა ღვინოს, ძალიან მომწონდა ეს პროცესი. გარდა ამისა, მიყვებოდა ისტორიას ვაზის იმ ჯიშებზე, რომელიც გადაშენდა და აღარ მოიპოვებოდა მესხეთში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი და ღვინის ურთიერთობა“,- ყვება „რეგიონულ კვირასთან“ ახალგაზრდა მეღვინე.
ახლა უკვე ცნობილმა მეღვინემ, სკოლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა ის მესხური ვაზის ჯიშები მოეძია, რომელზეც ბაბუა უყვებოდა. ასეც მოიქცა. „თამარის ვაზი“, მესხური“, ხარის თვალა“, „მესხური წითელი“,- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით.
„Los Angeles Times-მა შარშან ღვინის საუკეთესო ექვსეული დაასახელა მსოფლიოს მასშტაბით, არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ სიაში ჩემი „მესხური წითელიც“ შევიდა. აშკარაა, რომ მათმა სომელიებმა მსოფლიოს საუკეთესო რჩეულ ღვინის რეიტინგში შეიყვანეს. ძალიან ბევრი სტატია მოუძღვან ჩემს მესხურ ღვინოს “New York Times”-მაც“,- ამბობს გიორგი.
„რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ახალგაზრდა მეღვინე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ამბობს, რომ მომავალში მისთვის ღვინის რეალიზაცია პრიორიტეტულია და ამისთვის სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებზე დასასწრებად, საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობს.