ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის ემზადება
ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის ემზადება. მიუხედავად გასული წლის ბოლოს გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდისა, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ამ დრომდე არ მომხდარა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სიტყვას ოპოზიცია აღარ ენდობა, მოლაპარაკების მაგიდასთან მაინც დაჯდება.
“ადამიანმა, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარი დანაპირები უკან წაიღო და მოიპარა დაპირებული არჩევნები, რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისგან? თუმცა, ჩვენ მაინც დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ ჩვენ არ გამოვდივართ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, პირველ რიგში ჩვენთვის მთავარია ამ ქვეყნის ინტერესები, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ ვსხედვართ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ამ დიალოგმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ კვლავ მოგვიწევს საუბარი უფრო აქტიურად და მწვავედ ქუჩის ენით,” – განაცხადა უდუმაშვილმა.
ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე წარადგინა, 100 პროპორციულ და 50 მაჟორიტარულ მანდატს გულისხმობს, ხოლო ოპოზიციის ინიციატივა ე.წ. გერმანული მოდელის მოდერნიზებულ ვარიანტს ითვალისწინებს.
მეხუთე რაუნდის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, არსებული ინფორმაციით, ის მიმდინარე თვის დასაწყისში უნდა შედგეს.