სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
​პროცესზე ბრალდების მხარე გიორგი რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განმარტებით, გიორგი რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, პროკურორის თქმით, არსებობს რისკი, რომ მან გავლენა მოახდინოს მოწმეებზე ან გამოძიებას ხელი შეუშალოს.
​დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ გიორგი რურუას დაკავებისას მიმალვა არ უცდია, არც მოწმეებზე ზემოქმედება მოუხდენია. შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატები რურუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
​ცნობისათვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები