ზაზა შათირიშვილი: უტყდებათ, რომ ქართველები არიან, საკუთარ კულტურულ კოდს ებრძვიან
„მერაბ მამარდაშვილს აქვს ერთი ანალოგია – ქართული სუფრა არის ევქარისტია, ზიარება, მაშინ მამარდაშვილსაც დავეტაკოთ და ვთქვათ, რომ ერეტიკოსი იყო,” – ასე ფილისოფოსი ზაზა შათირიშვილი იმ ოპონენტებს პასუხობს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ქართული სუფრისა და ღვინის შესახებ მოსაზრებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.
როგორც ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა, ის, ვისაც არ უყვარს ეს ყველაფერი, გასაგებია ნერვიულობს. მისივე თქმით, 20-25 წელია, ქართულ სუფრასთან დაკავშირებით სხვადასხვა მხრიდან დარტყმა მიმდინარეობს.
„იქ სადაც არის პური და ღვინო, პურმარილი, პირდაპირ სეკულარიზებული, გახალხურებული ეკლესიაა. ყველა სიტყვა იყო არქეტიკული და ის, ვისაც არ უყვარს ეს ყველაფერი, გასაგებია ნერვიულობს. სუფრა და სასმელი ყოველთვის დაკავშირებულია სამოთხესთან. შენ თუ ამას უპირისპირდები, საბოლოო ჯამში აუცილებლად დამარცხდები. აქ არჩევნებზე ან ხმების მოპოვებაზე არ არის საუბარი. მათ სულ სხვა რაღაცის იმედი ჰქონდათ, ალბათ ქაოსის. როგორც ფროიდი ამბობდა, ადამიანში სამწუხაროდ ჩადებულია თვითგანადგურების მექანიზმი და როდესაც ის ფუნდამენტურ რაღაცეებზე ამბობს უარს, ირთვება თვითგანადგურების მექანიზმი” – ამბობს ზაზა შათირიშვილი.
ფილოსოფოსის აზრით, საზოგადოების ის ნაწილი არა მთლიანად საზოგადოებას, კულტურულ კოდს უპირისპირდება და ეს არის თვითგანადგურების მექანიზმი.
„ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა – უტყდებათ, რომ ქართველები არიან და უნდათ იყვნენ მესამეხარისხოვანი ამერიკელები. ეს არის უბედურება. საკუთარ კულტურულ კოდს ებრძვიან” – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.