ნინო ბურჯანაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუდენკომ და კოსაჩოვმა, მადლობა მათ
„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა. რისთვისაც ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა მათ.
„მოხარული ვარ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა. ვულოცავ მის ოჯახს და ყველა გულშემატკივარს. ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამაში ბატონმა რუდენკომ და ბატონმა კოსაჩოვმა. მე, პირადად, მათ მადლობას ვუხდი, რადგან ვიცი, ძალიან მონდომებული იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლებულიყო ვაჟა გაფრინდაშვილი. როცა არ უშვებდნენ, მაშინ ვამბობდით, რუსეთის ბრალიაო; როცა გამოუშვეს, ვამბობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა.
მე ვფიქრობ, რომ თანმიმდევრული უნდა ვიყოთ, მინიმალურად მაინც. ძალიან დიდი ძალისხმევა იყო განხორციელებული რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო გათავისუფლება. კონკრეტულ ადამიანებთან მუდმივ კონტაქტზე ვიყავი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ძალისხმევა დასრულდა ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში, ზოგი პროტესტით, ზოგი თანაგრძნობით, ზოგი განცხადებით, ამან ყველაფერმა თავისი წვლილი შეიტანა და მე ყველა ამ ადამიანს ვუხდი მადლობას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.