მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა – კურორტ “გოდერძიზე” გაზი აინთება

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი,წელს პირველად, ბუნებრივ გაზს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, “ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

“ადიგენი-გოდერძის“ 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია მიეცემა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული. კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული. გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯი-პი-სიმ“ და “აჭარ ინვესტი 2009” -მ განახორციელა. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული. ამ დროისთვის, პრალელურად, აჭარის გაზიფიცირების პროექტი, მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინიციატივით, გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამ დროისთვის სამუშაოები 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული,“- ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები