„მამაჩემის გარდაცვალების დღეს მე მათ ვპატიობ ყველა ამაზრზენ კომენტარს“…

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მის წერილებზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს აქვეყნებდა.
„დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.
და უცნაური რამ მინდა მოგითხროთ:
თუ რამეზე შეიძლება არ დავიწუწუნო, ეს ხალხის სიყვარულია. მეტიც, სრულიად გაუგებრად და დაუმსახურებლად – ზედმეტად ჭარბია ეს მომართება ჩემდამი – უცხო ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეხუტებიან. ყოველდღე ასობით შექების წერილი მომდის. ვიბნევი და მრცხვენია, მაგრამ ცხადია, თანაც მიხარია.
მიხარია, თუმცა არასდროს მგონებია, რომ ამხელა სიყვარული შეიძლება უცებ დიდ სიძულვილში არ გადახურდავდეს და არც ამით სარგებლის სურვილი გამჩენია. ამიტომ, სულ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.
კრემლზე და რუსული კულტურის ცენტრზეც იგივე ვთქვი და ვიმეორებ. აქაც ვერ დავიჩივლებ მცირე მხარდაჭერით, მაგრამ იმ დღიდან ამ გვერდს აეკიდა ხუთამდე ტროლ-ბოტი, რომელიც მამაჩემის მოსაგონარ უკიდურესად სევდიან წერილებზეც კი საშინელ შეურაცხყოფებს აქვეყნებდა კომენტარად. და მერე სოფელში ამ კომენტარებს უკითხავდნენ დედაჩემსაც. ეს გვერდები ამასწინ გაქრნენ, მაგრამ ცხადია, ადამიანები, ვინც მათ მართავდნენ, ისევ ხილულები არიან და თვალყურს მადევნებენ. და მინდა მივმართო მათ: ამ დღეს, მამაჩემის გარდაცვალების დღეს, მე მათ ვპატიობ ყველა ამაზრზენ კომენტარს და არც ბოდიშს ველი მათგან. ერთადერთი – იმედი მაქვს, ცოტა ხანი მარტო დარჩებიან საკუთარ თავთან და ათი წუთის ფიქრით მეტი იქნებიან, ვიდრე იყვნენ. ეგებ ამ ფიქრმა რომელიმე გადაარჩინოს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები