დავით ჭიჭინაძე: სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ სივრცეში ორიენტაციის შეგრძნება დაკარგული აქვს
სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ სივრცეში ორიენტაციის შეგრძნება დაკარგული აქვს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე პრეზიდენტის მიერ უცხოელი პარტნიორების მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება საზოგადოებაში, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე”.
ჭიჭინაძის განცხადებით, ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდება ასეთი განცხადებები.
„კონსტიტუციაში ჩაწერეს ქვეყნის მისწრაფება: ნატო და ევროკავშირი. ვფიქრობ, დღეს სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუცია არ არის. მისი განცხადებები, რომ რაღაც ახალი ფორმატები უნდა გაჩნდეს ნორმანდიული ფორმატისმაგვარი, ვფიქრობ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი გასართობის მოგონებას ფიქრობს, ეტყობა მას არავინ ხვდება და უნდა იგივე პუტინთან, მაკრონთან, მერკელთან, მსოფლიო ლიდერებთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა, რომ რაღაცით გაერთოს.
ვფიქრობ, ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდება ასეთი განცხადებები. მისი შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანს პრაქტიკულად, პოლიტიკურ სივრცეში დაკარგული აქვს ორიენტაციის შეგრძნება. ჯობს თავი დაანებოს ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც ამ ქვეყანას ვნებს. სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატურად იქცევა თავისი პოსტთან შესაბამისად“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის უცხოელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თუ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა დასავლეთის მხრიდან დაუბალანსებელ კრიტიკაზე, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ორინეტაციაზე, რაც არ უნდა დავუშვათ.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემის “თავისუფალი ხედვა” წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ეთანხმება პრეზიდენტი შეფასებას, რომ უცხოელი პარტნიორების კრიტიკა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარკვეულ შემთხვევებში იქ ჩასული არასწორი ინფორმაციის შედეგია.
“ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაა თუ არასწორი, ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს. მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს – ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება საზოგადოებაში, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს მთავარ ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თამუნა შეყილაძე